საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას გიორგი რურუა საერთოდ არ ენაღვლება.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
„თემაა, თითქოს ჩვენ გვაქვს რესურსი, გიორგი რურუა გავათავისუფლოთ ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება და ციხიდან ვინ გამოვა. ეს თემა უკვე იყო და გავიარეთ. იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, რასაც სასამართლო აკეთებს. აქედან ადვოკატია, იქედან – პროკურორი. ეს ის რეალობაა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ და მიზანია, ამ რეალობის შეცვლა. სურთ, საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოში ისე იხილავენ, რომ სასამართლოს უთხარით, გამოუშვან, თორე, ხმას არ მივცემთო. ეს ერთი მიზანია და მეორეა, გარკვეული ვალდებულება აქვთ, ამას ასრულებენ, თამაში უწევთ და რთულ დღეში არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.