გია ვოლსკი - ოპოზიცია სერიოზულად მოემზადა, გააფთრებული შეტევა აქვთ, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს
გია ვოლსკი - ოპოზიცია სერიოზულად მოემზადა, გააფთრებული შეტევა აქვთ, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს

ოპოზიციას გააფთრებული შეტევა აქვს, რომ როგორმე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ოპოზიციის მხრიდან განიხილება იმ რაკურსში, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტები მარცხდებიან.

„ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მოემზადა და გააფთრებული შეტევა აქვთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისფლებამ ევროკავშირის მხრიდან როგორმე რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ იმ რაკურსში განიხილება, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები – მარცხდებიან. ყველაფერი, რაც ევროკავშირის წევრების კანდიდატობას ეხება, სწორედ ამ მიმართულებით არის განხილული. ოპოზიციას დღეს სხვა თემა არ აქვს. რასაკვირველია, იქ სუფევს სრული დეზინფორმაცია, რომ ომი არ უნდათ, რეალობაში კი, მეორე ფრონტის გახსნაზეა ლაპარაკი, ან ეკონომიკური სანქციები არ უნდათ, მაგრამ შავი ხვრელების თემა შემოიტანეს. ეს ყველაფერი არის სტრატეგიული სქემა, რომელსაც ხაზავენ იმის გამო, რომ საზოგადოების თვალში კარგები გამოჩნდნენ. რეალურად კი ყველაფერი გააკეთეს, რომ მოცემულ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს. რეალურად როგორია რეიტინგი ქვეყნის სასამართლოსთან, კორუფციასთან, მედია თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ეს თემა არავის აინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხუთი ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, დუბლინში, ALDE-ს კონფერენციაზე დაამტკიცეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ახლა „ქართულ ოცნებასთან“ არის მთავარი კითხვა, ისინი რას აკეთებენ.