გია ვოლსკი - ოპოზიცია ხულიგნობით ცდილობს, ყურადღება მიიპყროს, ერთადერთი რესურსი დარჩათ, სახლში მივარდნა, ქუჩაში, აეროპორტებში გამოკიდება, აქციები, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არაფერი ეშველებათ
ხულიგნობით, აგრესიით ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ და, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არაფერი ეშველებათ, არც ახლა და არც მომავალში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
„ეს ერთადერთი რესურსი დარჩა, რაშიც არიან გამოწრთობილი – სახლში მივარდნა, გამოკიდება ქუჩაში, აეროპორტებში, პარლამენტის წინ აქციების მოწყობა, კივილ-წივილი, გზების გადაკეტვის მცდელობა, ნორმალური, ფსიქიკურად დალაგებული ადამიანისათვის აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებები. ქუჩაში გადაჭრით, მანქანების შეჩერების მცდელობით, ამ ხულიგნობით, აგრესიით ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ადამიანებს არაფერი არ ეშველებათ, არც ახლა და არც მომავალში. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეკრულთა ჯგუფის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების ნამოქმედარი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.