გია ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, დავით გარეჯის საკითხზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპონენტებს მოუწოდებს, დავით გარეჯის საკითხზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რთულ მემკვიდრეობათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო, დავით გარეჯი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, კერძოდ, საზღვრების დემარკაცია აზერბაიჯანთან.
„საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩემს კოლეგებსა და ოპონენტებსაც მოვუწოდებდი, ხმამაღალი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. ოპონენტების მხრიდან როყიო განცხადებები ისმის და მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იყოს. კომისია მუშაობას დაამთავრებს. როგორც გვეუბნებიან, პროგრესი არის, სირთულეებიც საკმაოდ თვალში საცემია, მაგრამ სწორედ მოლაპარაკების მიზანი ეს არის, რომ სირთულეებს როგორმე ბოლო დაედოს”, – აცხადებს დეპუტატი.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის მიმდინარეობა ცუდი თემაა.
„ეს ადვილი თემა არ არის, მაგრამ მოლაპარაკების ფორმატში ყველანაირი მოქმედებები ჯდება. მოლაპარაკება დღეს პრიორიტეტია და ყველამ ყურადღება ამას უნდა მიაქციოს. სულელურ და როყიო განცხადებებში ის ვიგულიხმე, რომ რაღაც მოქმედებებს სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას უკავშირებენ. ეს არის უადგილო ადგილას პოლიტიკური დივიდენდის მიღების მცდელობა. აზერბაიჯანმა და საქართველომ იციან, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა საგანგებო მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისათვის, არამედ მსოფლიო წამყვანი ქვეყნებისთვის. ყველანაირ მოლაპარაკებას საფუძვლად ეს უნდა დაედოს და მით უმეტეს, მოლაპარაკების შედეგი ორიენტირებული სწორედ ამ ნიშანზე უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.