გია ვოლსკი - ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს, მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნურმაგომედოვთან, როგორც გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა, არაფრით განსხვავდება სხვა სპორტსმენთან შეხვედრისგან.
გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილი ამბობს: „იგეგმება სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას?“
გია ვოლსკის თქმით, ლევან ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
„არ ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს – მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება. ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისგან, რომელსაც კუნთიც მაგარი აქვს, თავიც გამოიჩინა, მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ევროპულ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მაინც და მაინც აგრესიაზე შეიძლება იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ხაბეიშვილი ამბობს. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს და ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს რეალობას არ უკავშირდება. უნდა, შექმნას ასეთი განწყობა, აღქმები, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და არ ვფიქრობ, რომ ამას დაიჯერებს საზოგადოება, მათ შორის, მისი მომხრეები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.