გია ვოლსკი - ნურავინ იტყვის 100-პროცენტიანი გარანტიით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავა, მთელი პასუხისმგებლობა იქნება ოპონენტებზე, გამოჩნდება, ვის უნდა სტაბილურობა და ვის - არეულობა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უდანაშაულოდ არავის უცვნია და სასამართლოს გადაწყვეტილება პირიქით მეტყველებს.
მისივე თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი მიმართული იყო იქეთკენ, რომ არსებულ ვითარებაში სიმშვიდე შემოეტანა.
რაც შეეხება გიორგი რურუას საკითხს, ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც მის გათავისუფლებაზე საუბრობს, არ გაჩერდება, რათა არ შექმნან განწყობა, რომ საქართველოში მოლაპარაკება შედგა.
„არც უგულავა, არც ოქრუაშვილი არავის არ უცვნია უდანაშაულოდ. სასამართლომ ცნო მათი დანაშაული და უფრო მეტიც, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და ნაწილობრივ უგულავამ ღია ეთერში აღიარეს, რომ დანაშაული ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი. ამის იქეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არსებობდა, რომ როგორმე დაებალანსებინა ეს აღტკინებული საზოგადოება, რომელსაც არანაირად არ სჭირდება სიწყნარე, რადგან თავისი პოლიტიკური მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს იმ ოდენობით, რაც გაუხარდებოდათ.
ახლა წამოვიდა გიორგი რურუას თემა, რომელიც ჩართული ჰყავდათ რევოლუციურ მოძრაობებში. ეს ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაჩერდება, რომ არ შექმნან იმის განწყობა, თითქოსდა რაღაც მოლაპარაკება შედგა საქართველოში. თუ ასეთი მყარი პოზიცია აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ და ხალხი მათ დაუჭერს მხარს, გაიმარჯვონ და გვაჩვენონ მაგალითი, როგორ ხდება, რომ ხელისუფლებას შეუძლია, მოუწოდოს სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ამის გამოცდილება აქვთ. არ იყო არც ერთი ხმამაღალი დაპატიმრება, გათავისუფლება ან კონკრეტული ადამიანების რეპრესიების ქვეშ მოქცევა, სადაც მათი ხელისუფლება არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა როგორი ერთობლიობა იქნება წარდგენილი“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების საკითხზე ვოლსკი აღნიშნავს, რომ 100-პროცენტიანი გარანტია არ არსებობს.
„ნურავინ იტყვის 100-პროცენტიან გარანტიას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა. რა ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება ჩვენს ოპონენტებზე, რომლებიც სტაბილურობაზე, გამარჯვებასა და პოლიტიკურ ტრიუმფზე საუბრობენ. რეალურად, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვის რა უნდა და ვის რა პოზიცია აქვს ამ სახელმწიფოში, ვის უნდა სტაბილურობა და ვის – არეულობა. ეს აბსოლუტურად ნათელია და ამ სინათლეში ვერანაირი სხვა კითხვის ნიშანი ვერ შემოვა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.