გია ვოლსკი - ნიკა მელიას საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი ადამიანის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიექტურაზე
ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამდენიმე ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები შეიძლება, მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები გათავისუფლებულნი უნდა იყვნენ პასუხისმგებლობისგან სამართლის წინაშე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიას საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.
„საქმის მასალებს არ ვიცნობ, თუმცა მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები არის. ყველა საკითხზე სამართლებრივი ფორმატი არსებობს. ოპოზიციას სამართლებრივი ფორმატის მიღმა სხვა ფორმატი ჰქონდა, რომელიც გულისხმობდა პოლიტიკურად მოუხერხებელი პიროვნებების დათრგუნვას სასამართლოსა და ციხის მეშვეობით, ან ფიზიკურად, ან მისი მორალური თუ ეკონომიკური განადგურებით. სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი გვარი, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიექტურაზე. ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რამდენიმე ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები შეიძლება, მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლები გათავისუფლებული უნდა იყვნენ პასუხისმგებლობისგან სამართლის წინაშე. კონკრეტულ გვარებზე ვერაფერს მოგახსენებთ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერ პირთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ეს იქნება პარტიული თუ უპარტიო, არის სამართლებრივ ჩარჩოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურა მელიას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ჯარიმა, ასევე ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განუსაზღვრა.