ნიკა მელია დარღვევების ოსტატი ნამდვილად არის და არაერთი რამ დაურღვევია, არ გამოვრიცხავ, ესეც დაარღვიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს არა პოლიტიკური გუნდის კარნახით, არამედ თავისი შეხედულებით.
„სამართლებრივი შეფასებისგან შორს ვარ და მართებული არც იქნება, რადგან ძირითადი განხილვა არ ყოფილა. პროკურატურამ შეზღუდვების დაწესება მოითხოვა, რათა არ განახორციელოს აქტივობა, არ მიიმალოს და ა.შ. სასამართლომ ჩათვალა, რომ აუცილებელი არ არის, შეზღუდვები საპყრობილეში ხორციელდებოდეს, როცა ეს შეზღუდვა დაკავების გარეშე შეიძლება მოხდეს. იგივე რეჟიმია, რაც დაახლოებით შინაპატიმრობა. დაარღვევს თუ არა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნიკა მელია დარღვევების ოსტატი ნამდვილად არის და არაერთი რამ დაურღვევია. არ გამოვრიცხავ, ესეც დაარღვიოს. ბევრი მიიჩნევს, რომ მელია სასჯელს უნდა იხდიდეს. ბევრი ფიქრობს, რომ ვიდრე სასჯელის თემას განიხილავენ, იქამდე საპყრობილეში უნდა იყოს. სასამართლოს კი მიაჩნია, რომ აუცილებელი არ არის, რომ შეზღუდვა საპყრობილის საშუალებით უნდა განხორციელდეს. ეს მოცემულობა ზოგს მოსწონს, ზოგს – არა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკრულზე ცეკვას არავინ არ სთხოვს, არსებობს სასამართლო და მისი გადაწყვეტილება, თუმცა არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ აინტერესებს არც სასამართლოს გადაწყვეტილება, არც სახელმწიფოს ინტერესები და არც კანონები.
„პოლიტიკური ოპონენტი პარლამენტში, რასაც თუნდაც ნიკა მელია და სხვები მიმართავენ, როცა ზღვარგადასული შეძახილები, მოქმედებები და ფიზიკური დაპირისპირება არის პროვოცირებული. ესეც კი შეიძლება პოლიტიკურ ოპონირებაში ჩაითვალოს, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობის შეჩერებაზე გვაქვს და პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები არსებობს, პოლიტიკური ოპონირება მეორე ხარისხოვანი კი არ არის, საერთოდ არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურა ნიკა მელიას ელექტრონულ მონიტორინგს განახორციელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.