გია ვოლსკი - ნიკა გვარამია მარტივ ფორმულირებას სთავაზობს მომხრეებს, იარონ პრიმიტიული ფორმულით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში ეს დაუკავშირდეს ხელისუფლებას
გია ვოლსკი - ნიკა გვარამია მარტივ ფორმულირებას სთავაზობს მომხრეებს, იარონ პრიმიტიული ფორმულით, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში ეს დაუკავშირდეს ხელისუფლებას

ნიკა გვარამია მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს, იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით: საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც გვარამიამ აღნიშნა, რომ „კანდიდატის სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს“.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„პერსპექტივაში 2030 წელს გაფართოების რეალურ შანსს ხედავენ, იმიტომ, რომ, როგორც მაკრონი ამბობს, დღეს ამ 27 წევრშიც კი არ არის ის სინქრონიზაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებებზე უარი უნდა ვთქვათ, პირიქით, არსებობს ასოცირების ხელშეკრულება და არსებობს ზედმიწევნით შესრულებული რეკომენდაციები. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და არ არსებობს კონსენსუსი, ვინაიდან ათეული წლებია, კანდიდატის სტატუსით იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში გარკვეული ქვეყნები, მათ შორის ყველაზე დიდი ხანი თურქეთი და ყველა დანარჩენი სხვა. ნიკა გვარამია სხვაზე უფრო მეტად არის ამ საკითხებში ჩახედული ან უფრო საღად მსჯელობს, ვინაიდან მან პირველმა დაინახა ის, რომ ამ თემით მანიპულირება არის უაზრო და უადგილო, აქედან გამომდინარე, მარტივ ფორმულირებას სთავაზობს თავის მომხრეებს – ის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია – რომ იარონ ერთი გზით, პრიმიტიული ფორმულით: საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ხალხის აღქმაში კანდიდატის სტატუსის არმიღება უნდა დაუკავშირდეს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს ის, რომ სტატუსს ვერ მიიღებს, ანუ, ყველამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.