გია ვოლსკი - NDI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა მმართველი გუნდის რეიტინგი კიდევ უფრო მეტია
NDI-ის კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა მმართველი გუნდის რეიტინგი უფრო მეტია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, NDI-ის ციფრები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე.
„არ მახსოვს, ერთი კვლევა მაინც ჩატარებულიყო ისეთი, რომ შედეგი და კვლევა ციფრებში ერთმანეთს დამთხვეოდეს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა მთლიანი ოპოზიციის რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა ციფრები ისეა წარმოდგენილი, რომ კიდევ არსებობს პერსპექტივა, შეიცვალოს ის ფორმულა, რომელიც „გორბის“ კვლევაშიც იყო წარმოდგენილი. გადაუწყვეტელთა იმხელა რაოდენობაა მითითებული, რომ ეს არარეალური ლაპარაკის შესაძლებლობას ქმნის. გამოცდილება არსებობს, როცა NDI-ის ციფრები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვების ერთად. ოპონენტები რას ამბობენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც აწყობთ, იმას ამბობენ. 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც რეალური მაჩვენებელი ჰქვია. გადაუწყვეტელთა ამხელა რაოდენობის მითითება პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს. NDI-ის ციფრი რეალობას არცერთხელ არ დამთხვევია. რასაკვირველია, მმართველი გუნდის რეიტინგი უფრო მეტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.