გია ვოლსკი - ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა არის არასწორი, პოლიტიკურად მოტივირებული და იმ რევოლუციურ კონტექსტში ჯდება, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა
ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა არის არასწორი, პოლიტიკურად მოტივირებული და იმ რევოლუციურ კონტექსტში ჯდება, რაზეც გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვნანობ ნათია თურნავას წარდგენას, ბოდიშს ვიხდი ამისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ვერ დაიცვა, უნდა გადადგეს“.
ვოლსკის თქმით, არ არის აუცილებელი, ბანკიდან წასული ადამიანები ოპოზიციურ სცენარზე იყვნენ დამოკიდებული, მაგრამ მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ისეთია, როგორიც აქვს გიორგი ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს.
„დამოკიდებულებებია ერთნაირი, თორემ არავის ვადანაშაულებ, გარდა იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ რევოლუციაა გზა, სისხლისღვრა და იარაღი. მიკვირს, ამის მიმართ ნეგატიურად განწყობილი რატომ არ ხართ? ფაქტია, მოტივი ერთია – ისე შეარყიონ სიტუაცია, რომ პანიკა გამოიწვიონ და ეს პირველად არ ხდება. დესტაბილიზაცია და ხშირი აქციები პირდაპირ ურტყამს ვალუტის კურსსაც, ინვესტიციებსაც, ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც. ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს ველოდით და 6.5 პროცენტიანი ზრდა უნდა იყოს, რაც მათთვის ისტერიკის ტოლფასია. აქედან გამომდინარეობს ყველა მავნებლობა, რომელიც ჩამოაყალიბეს. არ ვამბობ, რომ ამ სამი ადამიანის გადადგომა წინასწარ მოფიქრებულია და ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სურათი გვიჩვენებს, რომ ამის საფუძველი მაქვს, რომ ვთქვა. ყველაფერი, რაც ხდება, ზუსტად იმ სცენარით მიდის, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია, რაზეც სუს-ი ლაპარაკობს და თვეებია ვსაუბრობთ. ოპოზიციის მიზანია დესტაბილიზაცია, რომელიც სააკაშვილმა დასახა და რადიკალურ ოპოზიციაში სხვა ამოცანა არ არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
დღევანდელ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“.