გია ვოლსკი - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გამოსვლა არ ნიშნავს ბრალის მოხსნას, თუმცა არ გამიხარდებოდა, რომ ვინმე ასეთი ბრალით იყოს სასამართლოს წინაშე წარდგენილი
ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გამოსვლა არ ნიშნავს ბრალის მოხსნას, თუმცა მე არ გამიხარდებოდა, რომ ვინმე ასეთი ბრალით იყოს სასამართლოს წინაშე წარდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოლაპარაკებების პროცესს არ უკავშირდება.
„დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას. პროკურატურამ ძალიან კარგად განმარტა, რომ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ისინი იყვნენ დაკავებული. აქედან გამომდინარეობს ის განცხადებებიც, რაც თითქოს და ოპოზიციას რაღაცა მოგებულის პოზიციაში აყენებს, არადა რთულად არის სიტუაცია. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არათუ არ მიესალმება, არამედ საკმაოდ მკაცრად აფასებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას, საბოტაჟს. რაც შეეხება, ამ ადამიანების გირაოთი გამოსვლას სასამართლომდე, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს ბრალის მოხსნას, თუმცა მართალი გითხრათ, მე არ გამიხარდებოდა, რომ ვინმე ისეთი ბრალით იყოს სასამართლოს წინაშე წარდგენილი, რომელიც დავით გარეჯს ეხება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ოპონენტები, როდესაც სადავეები ხელთ ეპყრათ, განცხადებებს აკეთებდნენ, რომ დავით გარეჯის დიდი ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სპეკულაციებით ცდილობდნენ გადაფარვას იმ უბედურებისა, რაც საქართველოს დააწიეს, მათ შორის ერთ-ერთი ეპიზოდია დავით გარეჯის მონასტრის გასხვისების საშიშროების შექმნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.