გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქოლცენტრების თემა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს
„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქოლცენტრების თემა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია აღმოჩენილი.
„ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების საკმაოდ დიდი მასშტაბია. მსოფლიოს დონეზე არის ჩართული სამართალდამცავი და სპეციალური სტრუქტურები. ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, ქართველებმაც იმუშავეს და გამოაჩინეს საკმაოდ მძლავრი ქსელი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოში აღმოჩენილი. არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან. რასაკვირველია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ უამრავი დაზარალებულია. ფაქტია ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია კეზერაშვილთან და მის ფინანსურ რესურსებთან, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა ადრეც და დღესაც აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემა როგორღაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს დღეისთვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.