გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გამაოგნებელი განცხადებები მოვისმინეთ, იმის ნაცვლად, რომ ოჯახისთვის სამძიმარი გამოეცხადებინათ და თავიანთ დანაშაულებზე დაფიქრებულიყვნენ
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გამაოგნებელი განცხადებები მოვისმინეთ, იმის ნაცვლად, რომ ოჯახისთვის სამძიმარი გამოეცხადებინათ და თავიანთ დანაშაულებზე დაფიქრებულიყვნენ

მძიმე ფაქტია, ოჯახსა და მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ, მოგვიკლეს კიდევ ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცეს-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საოკუპაციო ხაზები გავლებულია თავად სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, როცა ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით აღმოჩნდა.

„ახლახან ახალი პროვოკაცია ვიხილეთ მლეთის მისადგომებთან, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მიმართებაში. შეიძლება, ამას პირდაპირი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ ოკუპაციის დაშვების, საოკუპაციო ხაზების გავლების და ამდენი სამოქალაქო პირის ხოცვის შემდეგ არცერთი საქმე არ აღძრულა. ახლა ეს ადამიანები უნამუსოდ გამოდიან და ხელისუფლებისკენ ხელს იშვერენ. ადამიანები დაიჭირეს, გაიყვანეს, წამებით მოკლეს – ჯონუა, ანჯაფარიძე, რამდენი გვარი ჩამოგითვალოთ? აგვისტოს ომი დამთავრებული იყო და ათეულობით სამოქალაქო პირი მოკლეს, არცერთ საკითხზე არ იყო შესაბამისი რეაგირება. პირიქით, უფრო წაახალისეს რუსეთის ფედერაცია, რომ თავისუფლად ეგრძნო თავი. ეს ხაზიც მათ გაავლეს, როცა 2006 წელს უკანონო არჩევნები ჩაატარეს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხაზი შემოხაზეს. რასაკვირველია, ქართველს აღტკინება არასდროს მოაკლდება, რომ სალოცავში მივიდეს, მაგრამ გარკვეული საფრთხეები არსებობს, რომელიც ახლა არის და ამ საფრთხეების იგნორირებისკენ მოუწოდებდნენ სრულიად „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას. დღეს ეს შედეგი მივიღეთ. ამ შედეგს ყოველდღე მივიღებთ, თუნდაც იმ გავლებული ხაზებით, ხალხის დაკავებებით. ღმერთმა ნუ ქნას, მკვლელობა კიდევ მოხდეს. რასაკვირველია, რეაგირება საჭიროა და საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. საგანგებოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად დღეს „ნაცმოძრაობას“ გაუკეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები გაკეთდა იმის ნაცვლად, რომ ოჯახისთვის სამძიმარი გამოეცხადებინათ, იმ შეცდომებსა და დანაშაულებზე დაფიქრებულიყვნენ, რაც ჩადენილი აქვთ.

„რესურსი გვაქვს, რომ რუსეთზე იყოს გაძლიერებული შეტევა, რაც ისედაც საკმარისია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. სადაც ბლოკპოსტი იქნება და იქ იქნება ქართველი პოლიციელი, რასაკვირველია, შეიძლება, თავი ვერ შეიკავოს, როცა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა მოხდება და იქიდან უკანონოდ მყოფი ოკუპანტი შეიძლება გამოჩნდეს, ქართველს გაეკიდოს და მის მიმართ ძალა იხმაროს. ამან შეიძლება ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რასაც რეალურად ელოდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. საერთოდ, „ხაზის გადმოწევა“ მოგონილი თემაა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ შემოგვაპარა და ზოგიერთ საერთაშორისო განცხადებაშიც გავიგეთ. გარკვეული ტერიტორია შემოსაზღვრულია ბელადის სააკაშვილის მიერ, სადაც დანიშნულია ადმინისტრაცია, ვისაც ეს ტერიტორია უნდა ემართა. ომის დროს ზუსტად ის ტერიტორია დაიპყრეს, რომელიც ბელადმა სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისის ბრძანებულებით შემოუხაზათ. ყურდღება სწორედ ამას უნდა მიაქციოთ. დღეს ამ ხაზს მიჰყვებიან და საოკუპაციო ხაზს აკეთებენ. რასაკვირველია, თავად საოკუპაციო ხაზი არის დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულებამდე ჩვენი ქვეყანა მაშინ მივიდა, როცა უარი თქვეს საერთაშორისო ლიდერობით წაყვანილ პროცესზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა ამ პრობლემის პოლიტიკურ გადაწყვეტას. სააკაშვილის მიერ 2006 წლის ივლისიდან 2008 წლის ივლისამდე მუდმივად იშლებოდა ის ფორმატები, რომლებიც მოსალაპარაკებლად იყო შექმნილი ევროკავშირისა და ამერიკის მიერ. რეალურად, კონტროლი უმაღლეს დონეზეა დაწესებული და მათ შორის ევროკავშირის მიერ. ყველამ კარგად იცის, რომ საფრთხეს საოკუპაციო ჯარი და საოკუპაციო პატრული ქმნის. ქართველი პოლიციელი რომ იქ ყოფილიყო, ქართველს აუცილებლად გამოექომაგებოდა თუ არა? – საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრებლები გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. ჩვენთვის მათი უსაფრთხოება საგანგებო თემას წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლსკიმ.