გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს გაუჭირდა ხვალინდელი დღის დაგეგმვა და გზებს ეძებს, მაქსიმალური დეზინფორმაცია გამოუშვას
პროკურატურამ ეფექტიანად უნდა იმუშაოს ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრასთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, აშშ და ყველა პარტნიორი ელოდება, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება, რომ დასავლეთ ევროპული სტრუქტურების ღირსეული მონაწილე წევრი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ეს ამერიკისთვის საგანგებო ინტერესების თემას წარმოადგენს“, – აცხადებს გია ვოლსკი.
რაც შეეხება ელჩისა და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრას, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მსგავსი შეხვედრები საქმიანი ურთიერთობის ნაწილია.
„რაც შეეხება დეგნანისა და შოთაძის შეხვედრას, ასეთი შეხვედრა გაგრძელდება და ყველა სამინისტროსთან იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ეს საქმიანი ურთიერთობის ნაწილს წარმოადგენს და ამაში სკანდალური არაფერია. „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს გაუჭირდა ხვალინდელი დღის დაგეგმვა და გზებს ეძებს, როგორმე, მაქსიმალური დეზინფორმაცია გამოუშვას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა მზად არის, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.