გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ალბათ ნაკლებად შეინარჩუნებს, გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა - პოლიტიკური ორგანიზაცია
„ნაციონალური მოძრაობა“ მომავალში პარტიული ორგანიზაციის ნიშნებს ალბათ ნაკლებად შეინარჩუნებს. ეს იქნება რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ეცდება, საქართველოში რევოლუციური სცენარი განავითაროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს რევოლუციური შტაბი და არა – პოლიტიკური ორგანიზაცია.
„„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ხასიათის ნიშა თავისუფალი იქნება და სწორედ ამ ნიშაში შეჭედვას ლამობს „ტრიუმვირატი“, რომელიც ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სახით ჩამოყალიბდა. ისინი შეეცდებიან, მათ გაერთიანებას გარკვეული პოლიტიკური ნიშნები ჰქონდეს. „ნაცმოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს, იყოს რევოლუციური შტაბი და არა – პოლიტიკური ორგანიზაცია. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ამ პოლიტიკური თუ რევოლუციური ჯგუფების დასახასიათებლად სიტყვა „ნაციონალური“ და „ეროვნული“ აბსოლუტურად არარელევანტურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.