გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელეს დანაშაულთა ორგანიზატორად, რომელიც დაუშვებელია სოციალურ ქსელში, აქედან ცდილობენ ყურადღების გადატანას კოკა ყანდიაშვილზე
ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად, რომ ქვეყანა მართოს და წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ჩაეშვა „ფეისბუქის“ თუ სხვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც „ფეისბუქის“ მიერ ყალბი გვერდების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.
გია ვოლსკის თქმით, საოცარია, რომ საკითხიდან ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს.
„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ ვინმე კოკას გვერდზე გაწევას ცდილობს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, რესურსიც აქვს. თუ „ფეისბუქმა“ მის აქტიურობაში რაიმე გადახრა აღმოაჩინა, შესაბამისი ზომებიც მიიღო. ეს რეალობაში კიდევ გასაანალიზებელია, მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელეს მთელ რიგ დანაშაულთა ორგანიზატორად, რომელიც დაუშვებელია სოციალურ ქსელში. აქედან ყურადღების გადატანას ცდილობენ კოკა ყანდიაშვილზე, რომელმაც არ ვიცით, დაარღვია თუ არა. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს. „ფეისბუქი“ უამრავ შესაძლებლობას იძლევა – პლატფორმები შექმნა, მოიზიდო ხალხი, ჯგუფები შექმნა, თუმცა რასაკვირველია, შეიძლება, დაარღვიო კიდევაც და იმ რეგულაციებს გადასცდე, რომელიც სოციალურ ქსელს აქვს დაწესებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.