გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა თანამედროვე მოთხოვნებს და ისტორიაში იმ სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებენ, რომელიც აქვთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი ქვეყნის უახლესი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასებაა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ემოციაზე დაყრდნობით ბევრი გადაწყვეტილებაა მიღებული.
„რეალურად, პოლიტიკურ ბრძოლას მნიშვნელოვანწილად ეროვნული ინტერესები შეეწირა მაშინ, როცა გაერთიანება გვმართებდა პრაგმატული მოსაზრებებისა და სტრატეგიული გეგმების გარშემო. ბიძინა ივანიშვილი ამაზე წერს და ვფიქრობ, რომ 26 მაისის ავტორებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზნებს დაექვემდებარნენ და ადამიანების მიმართ სისასტიკე ჩაიდინეს, ამ საკითხზე ხმამაღალი საუბრის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და იმდენად ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდა, რომ საერთაშორისო შეფასებებშიც კი დავწინაურდით, მათ შორის, ევროპის ფორმატში. ეს საკმარისი არ არის, ეკონომიკა, სოციალური ჩამორჩენა საკმაოდ მძიმე ტვირთად მოგვყვება და ამ თვალსაზრისით მემკვიდრეობაც საკმაოდ რთულია. ამ მდგომარეობას გაერთიანება და ხედვა სჭირდება, თუმცა არა ემოციური, არამედ პრაგმატული. პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ვერასოდეს დასრულდება და ეს დემოკრატიის მთავარი ნიშანია, მაგრამ რასაც ბიძინა ივანიშვილი გულისხმობს, ეს არის ხელოვნური და მოგონილი დაპირისპირება მხოლოდ იმისათვის, რომ პოლიტიკური გამორჩენა და უპირატესობა მოიპოვონ კარიერისთვის. საუბარი ასეთი სახის დაპირისპირებაზეა, რაც განვითარებულ დემოკრატიებს დიდი ხანია აღარ ახასიათებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, რევანშის მქადაგებელი პოლიტიკური ძალა დესტრუქციული დარჩება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა თანამედროვე მოთხოვნებს და ისტორიაში იმ სისხლიან ლაქას ვერ მოიშორებენ, რომელიც აქვთ. ბევრი პირი დაისაჯა, მაგრამ იმ მოქალაქეებზე უნდა ვიფიქროთ, ვისაც ისეთი პოლიტიკური გემოვნება არ აქვს, რომ მხარი დაუჭირონ ან „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“, ან „ევროპულ საქართველოს“, ან მხარს უჭერენ სხვა ოპოზიციურ ძალას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ
ხელისუფლებაში მყოფი ძალა პასუხისმგებელია თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტებს ვერ დავარქმევ კონსტრუქციული, ევროპული ყაიდის ძალას, რადგან მიზნები და ამოცანები გადართულია რევანშზე, რასაც პოლიტიკურ ბრძოლასთან არანაირი საერთო არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გენერალი ლებედი დააფინანსა და დღევანდელი წერილი ორმაგი სტანდარტია, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს არასწორი არგუმენტია.
„თუ სიტუაციას კარგად გავაანალიზებთ, ძალიან აგრესიულ, დანგრევის პირას მყოფ რუსეთსა და მის სამეზობლოს სტაბილურობა სჭირდებოდა. გადაწყვეტილებები თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიერ რაციონალიზმიდან გამომდინარე იყო მიღებული, რაზედაც თავადაც ყვება და ამან მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მსოფლიოს განვითარებას. საჭიროა ხელოვნური სიბრმავის მოცილება, რაც ჭარბად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.