გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, განავითაროს ისეთი პროცესები, რომლებიც აბსოლუტურად მოცილებული იქნება პოლიტიკურ შინაარსს.
„„ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოტური მოძრაობები შეიმჩნევა. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური გუნდი, ეს არის რევოლუციური კომიტეტი თუ რაღაც მაგდაგვარი, რომელიც ცდილობს, განავითაროს ისეთი პროცესები, რომლებიც აბსოლუტურად მოცილებული იქნება პოლიტიკურ შინაარსს. შეუთანხმებლობა ეს მეორე პრობლემაა, რომელიც მათ გააჩნიათ, მაგრამ ეს პრობლემა არ დგას სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, ეს მათი პრობლემაა. ფაქტია, რომ პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია, რომელსაც ექნება გააზრებული და ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რატომ მოსწონს ან არ მოსწონს ესა თუ ის ინიციატივა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.
ბოიკოტის შეწყვეტა ერთი საკითხია და ნიშნავს იმას, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ჩვენ ნამდვილად არ გვაშინებს არც ხისტი და არც კატეგორიული პოზიცია, მაგრამ ეს აღარ არის პოლიტიკური პარტია. ეს არის რევოლუციური კომიტეტი, რომელსაც ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.