გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ როცა პოლიტიკურად გაუჭირდა, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და როგორმე მის გარშემო აჟიოტაჟი შექმნან
სწორედ მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და როგორმე მის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გავრილოვის განცხადებები და მოქმედებები არა მმართველი გუნდის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს აგდებს მაშველ რგოლს.
„ფიქრობს, რომ რაც მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის – მონა, თუ მხევალი, ამ ეპითეტებით თუ დატვირთავს თავის კომენტარს, არსებული რეალობა გაქრება. ფაქტია, სწორედ მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაუჭირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და როგორმე მის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან. რაც შეეხება გავრილოვს, გავრილოვის განცხადებები და მოქმედებები, არათუ მმართველი გუნდის, არამედ მის მხარეს აგდებს მაშველ რგოლს. საკმაოდ სერიოზულ ფაქტთან გვქონდა საქმე. კონკრეტულმა ტელევიზიამ დაურეკა და იცოდა რა, ვინ ურეკავდა,ზუსტად ის კომენტარები გააკეთა, რაც ამ პოლიტიკური დემაგოგიის ავტორებს სურდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის განმარტებით, მანდატის შეჩერება ითვალისწინებს პირის სასამართლოს წინაშე წარდგომას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ „დაცვის უფლება არ აქვს, მისი ადვოკატურა რამენაირად შეზღუდული იქნება, ან სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას“.
„ამ თემათან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის პოზიცია, რომელიც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს აქვს. მაშ, რა დააშავა იმ 400-მდე ადამიანმა, რომლებიც ასევე სამაჯურით არიან გამოსული და დღეს ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან. განა, აუცილებლად პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, პარლამენტს უნდა უტევდეს და ტრიბუნასთან იდგეს, რომ სახელმწიფო ლოიალური იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასევე ვალდებულებები აქვთ და სამაჯურით დადიან?
პარლამენტარის ჩვეულებროვ ადამიანთან გათანაბრება მისაღებია და ამის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ სასამართლოს მიერ საკმაოდ ლოიალური გადაწყვეტილებების გამოტანის მაგალითი წინ უდევს. თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს. პარლამენტი სასამართლო არ არის. იგი ნიკანორ მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებს.
„ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს მელია ციხისთვის არ გაუშვია. პარლამენტმა უბრალოდ პროკურატურას საშუალება მისცა, სასამართლომ საკითხი განიხილოს. ერთხელ, მეორედ, მესამეჯერ დაარღვია თუ არა მან ის პირობა, რაც მის მიერვე იყო მიღებული და აღიარებული, რაც აღმკვეთ ღინისძიებად გირაოს ითვალისწინებდა? აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, პარლამენტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი და არ იმსჯელოს იმაზე, რამდენი ასეული ადამიანია საქართველოში, რომელიც იგივე პირობებში იმყოფება. მაშინ ყველამ მოიძროს შემზღუდავი სამაჯური. სახელმწიფოს მართვის სისტემა როგორ წარმოუდგენიათ იმ ფანჩატურში შეკრებილ ადამიანებს და რეალურად რა არის. თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერ სწორედ იმ მიმართულებით აქტივობებს, რასაც სახელმწიფოს დესტაბილიზაცია და დესტრუქცია ჰქვია. ამასთან დაკავშირებით ალტერნატიული მიდგომა არ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატის თანხმობა ჰქონდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ევროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფირდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სამშობლოს დამცირებას ვერ შეეგუება, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“.