გია ვოლსკი - მთავრობისა და პარლამენტის კომუნიკაციის პრობლემის შესახებ გუნდი ჩუმად არ ყოფილა
მთავრობისა და პარლამენტის კომუნიკაციის პრობლემის შესახებ გუნდი ჩუმად არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მთავრობის და პარლამენტის კომუნიკაციის პრობლემაზე გუნდი რომ ჩუმად ყოფილიყო, ეს შედეგები და ეს ცვლილებები არ იქნებოდა.
„კომუნიკაციის პრობლემები წარმოიშვა, ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ გარკვეული ჯგუფის წევრები არიან. კომუნიკაციის პრობლემებს და ამხელა ძალის გაერთიანება ერთ ენერგიად საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა. როდესაც გუნდს აქვს უმრავლესობა, თან საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს რასაკვირველია, ერთგვაროვანი ვერ იქნება. არის ეკლექტიკაც და ამ ყველაფრის გაერთიანებას ენერგია სჭირდება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.