გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ არის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, სააკაშვილის ცუდად ყოფნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
მისი თქმით, მკურნალობის რესურსი არსებობს და სააკაშვილს უნდა მოუწოდებდნენ მკურნალობა მიიღოს.
„მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელები უნდა ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობას უნდა იღებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესში არ არის. შიმშილობის პერიოდი მახსენდება, როცა ოპოზიციისა და მედიის ლიდერები კატეგორიულად მოუწოდებდნენ, ლუკმა არ ჩაედო პირში, რადგან ეს იქნებოდა იმ პოლიტიკური იდეის დამარცხება, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. ახლა სცენარი გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა არსი იგივეა – სააკაშვილის ცუდად ყოფნა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. მკურნალობის რესურსი არსებობს და მას უნდა მოუწოდებდნენ მკურნალობა მიიღოს და არა, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს დესტაბილიზაციაზე, გამოსვლებსა და რევოლუციაზე. რაც შეეხება კლინიკაში გადაყვანაზე მის მოთხოვნას, არ მგონია, საქართველოს ისტორიაში პატიმარი იყოს, რომელსაც ამდენი ვიზიტორი ჰყოლოდა ოჯახის წევრებთან, ექიმებთან თუ პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.