გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა პროპაგანდისტული თვალსაზრისით საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვა და არა „ბოტოქსების საქმე“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა პროპაგანდისტული თვალსაზრისით საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვა და არა „ბოტოქსების საქმე“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული

სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეს თუ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნება, ეს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უფრო ხელსაყრელი რატომ არის, ან გრიფი „საიდუმლო“ რაღას ადევს, როცა ამ საქმეში არსებული ყველა ციფრი ვიცით? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ ნაკლებად ეთქმის, რადგან ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

„ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავად მოიგონა, რომ დანაშაული შეამციროს და პროპაგანდისტური თვალსაზრისით ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვა, ვიდრე ვთქვათ, „ბოტოქსების“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული. რასაკვირველია, პიჯაკი უნდა იყიდო და წარმომადგებლობითი ხარჯები გქონდეს, მაგრამ ეს ხარჯები გაწერილი არ უნდა გქონდეს პირადი ექიმისთვის, შვილისთვის და გერმანიაში სამოგზაუროდ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღია წერილით მიმართავს ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ითხოვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში გაწეულ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.