გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი რომ თანამდებობაზე დაინიშნოს, მერე თვითონ მიხვდება უკრაინა, რასთან აქვს საქმე
სააკაშვილი რომ დაინიშნოს, მერე თვითონ მიხვდება უკრაინა, თუ რასთან აქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„უკრაინა თვითონ მიხვდება, თუ რასთან აქვს საქმე. ადამიანთან, რომელსაც არანაირი კოორდინაცია არ შეუძლია, არაფრის. ერთადერთი, რა რესურსიც გააჩნია, ის არის, თუ ყველაფერი მას ემორჩილება, იმ პირობებში, რაც საქართველოში დაატრიალა. უკრაინა გაცილებით დიდია, იქ გაცილებით რთული პრობლემებია და ამას აუცილებლად მოჰყვება დაპირისპირების ტალღა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ამ სცენარის უკან დგანან. ეს ძალები არიან. ერთ ძალას უნდა, სააკაშვილი მეორე ძალის წინააღმდეგ გამოიყენოს. იგივე, რაც ხდებოდა ოდესის ოლქში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის უხერხულობას ქმნის.
„საერთაშორისო ურთიერთობების სტანდარტია ის, რომ რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ვერდიქტი, რომელიც სასამართლოს სამმა ინსტანციამ გამოიტანა და რაც არ უნდა მსუბუქი იყოს სტრასბურგის დადგენილება, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი მთელი თავისი სახელმწიფო სტრუქტურებით მონაწილეობდა, რათა ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სამართალი არ დამდგარიყო, ეს ყველაფერი რომ შეუმჩნეველ თემად გვერდზე გადავდოთ, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ეს ასპექტი არის, როგორც აქსიომა. ამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში ვართ და უკრაინაც პრინციპში, უნდა იყოს ჩვენ მიმართ უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ისევ დგას თუ არა დღის წესრიგში უკრაინაში რეფორმების საკითხებში ვიცე პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის საკითხი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ როგორც ამბობენ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, მაგრამ უკვე გულდასაწყვეტია ის, რომ „სლუგა ნაროდა“-მ არა მარტო ქართულ მხარეს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ უკრაინელებსაც სერიოზული სილა გააწნა.
„სილა გააწნა, ცოტა არადიპლომატიური მგონია, მაგრამ სხვა ვარიანტიც რომ იქნას განხილული, ეს საკითხი ვფიქრობ, სერიოზული შენატანი იქნება იმ ნეგატიურ პროცესებში, რისი ოსტატებიცაა მთელი ეს გუნდი, ვინც დღეს უკრაინაში იმყოფება სააკაშვილის მეთაურობით. ისინი ნებისმიერ ადგილს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში დესტრუქციული პროცესები დაიწყოს და დესტაბილიზაცია მოხდეს. ეს არის ორჯერ-ორი ოთხი, რაც ყველამ კარგად იცის. აქედან გამომდინარე, უხერხულობა ძალიან სერიოზულია. არ მინდა, შევარბილო. არ მგონია, რომ დღეს ეს საკითხი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი. თუ ვიცე პრემიერობა არა, მაშინ სხვა რაღაც პოზიციაა სახელისუფლო სისტემაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსი ოპოზიციონერიც რომ იყოს, არ შეიძლება, ამ პოზიციას იცავდეს, რადგან ასეთი რამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს არ უხდება და უკრაინა-საქართველოს შორის ეს თემა გაუგებრობას შემოიტანს.
„ამათ მოსწონთ. როგორ შეიძლება, ამას იცავდე თუნდაც, ოპოზიციური პლატფორმიდან, გინდ „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი წარმომადგენელი?! იმ ერთ-ერთმა უტიფარმა ადამიანმა კიდევ უტიფრობაზე ილაპარაკა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.