გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია, გაწირეს
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია, გაწირეს

მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია, რომლიც არათუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისმა გარემოცვამ გაწირა.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორია, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ასპექტი ახლავს.

„საოცარი იქნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, გასაცნობიერებლად სავალალოა. არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ და ვისი ამოცანაც არის, საკუთარ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ. სავალალოა ისიც, რომ პოლიტიკოსები საკმაოდ ცნობილი გვარებით, თავიანთი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი. საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს და, ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც იგერიებს სერიოზულ შემოტევებს და გამოწვევებს გარედან და შიგნიდან, იძულებულია, თავისი მცირე რესურსებით თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას და საზოგადოებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემოტევაში ჩართულები არიან უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებიც.

ადამიანი, პრაქტიკულად, არის მძევალი თავისი პოლიტიკური გარემოცვის, რომლებიც არათუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ დიდი ხანია, რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ. პრაქტიკულად, ადამიანი გაწირეს. უკიჟინებდნენ ყოველთვის და დღესაც უკიჟინებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა არის რესურსი, რითიც შეიძლება, საერთაშორისო ყურადღება გადაიტანონ საქართველოზე, ამან განაპირობოს ის შეტევა და დისკრედიტაცია, მათ შორის, მედიასაშუალებებით, რაშიც უშვებელი თანხა დახარჯეს. ეს ყველაფერი ხდება ერთი ადამიანის გარშემო, რომელმაც თვითდაზიანების მექანიზმი თავისი გარემოცვის და რევოლუციური გეგმის საფუძველზე შეარჩია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.