გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე სექტემბერში იმსჯელოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე სექტემბერში იმსჯელებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საკმაოდ სერიოზული პროცესი მიმდინარეობს მოსამართლეების შერჩევის თვალსაზრისით და არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც უნდა განიხილონ არა პოლიტიკურად მიძინებულ აგვისტოში, არამედ სექტემბერში, როცა საზოგადოება მობილიზებული იქნება.
„დასვენების შემდეგ სწორედ ამ დროს არის საჭირო ამ საკითხების გამოტანა და არა აგვისტოში, რომელიც შედარებით წყნარი სეზონია. სხდომების საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, ალბათ, ასე გადავწყვეტთ, რომ სესია საშემოდგომო პერიოდში ჩატარდეს”, – დასძინა ვოლსკიმ.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომები შესაძლოა, 29 ივლისიდან მოიწვიოს. რიგგარეშე სხდომების ფორმატში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი საყოველთაო-სახალხო კომისიის შექმნა იგეგმება.