გია ვოლსკი - ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, გეგონება, არჩევნებში უკვე გაიმარჯვეს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს, რომ რეალურად მათ მხოლოდ დესტრუქციული მიზნები აერთიანებთ.
ამასთან, ვოლსკის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით ისე საუბრობენ, თითქოს არჩევნებში უკვე გაიმარჯვეს და მთავრობა ჩამოაყალიბეს.
„პერსპექტივა არ აქვთ, რომ ეს თემები არა თუ გადაწყვიტონ, არამედ ამაზე ისაუბრონ კიდეც. საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას, ვითომ დიდი რესურსი აქვთ, არჩეულ იქნენ ის ადამიანები, რომლებსაც თავისი კარიერის, ხელისუფლებაში ყოფნის პროცესში საკითხი არ დაუტოვებიათ, რომელსაც ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს, პირადად დავით ბაქრაძესაც და ყველა დანარჩენსაც, ვინც მან ახსენა.
გამაერთიანებელი ამ ადამიანებს არაფერი აქვთ, მათი გამაერთიანებელი არის მხოლოდ მიზანი დესტრუქციისკენ. ვინც უფრო დესტრუქციულია, მას ჰგონია, რომ ლიდერი უნდა იყოს ამ ჯგუფში. არის უშველებელი ამბიციები, რომ ისინი მართავენ ქვეყანას. სულ რომ გაიწიოს ყველა და გაერთიანება მართლაც მოვიდეს ხელისუფლების სათავეში ან რაიმე სახის მართვის რგოლი ჩაიგდოს ხელში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა, დესტაბილიზაცია და შიდა დაპირისპირებების განვითარება, რომელსაც დასასრული არ ექნება. მადლობა ღმერთს, ისინი არ არიან მარტო და საზოგადოება აფასებს ყველაფერს, რასაც უყურებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.