გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუნდის წევრთა ნაწილმა კარგად ვერ გაიგო, რას მისცა უმრავლესობამ ხმა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ იმ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ და კოლეგებმა ერთმანეთის მოსაზრებებს მოუსმინონ.
„ალბათ მთელმა გუნდმა უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ვფიქრობ, კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ. ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს არ არის პარლამენტის საქმე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი მიუძღვოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად. იმუნიტეტების მოხსნა მერე უნდა გვენახა, რა დატრიალდებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ იმუნიტეტის შეჩერებაში საგანგაშო არაფერია და დეპუტატმა, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქემ, უნდა უპასუხოს გამოძიების კითხვებს, ისევე, როგორც გამოძიებას უნდა მიეცეს საშუალება, ჩაატაროს კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
„ერთი სიტყვის გულისთვის ჩასვეს და ახეხინეს შვიდი წელი ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც კოდორის ხეობასთან ახლოსაც არ ყოფილა და იმუნიტეტის თაობაზე არ ჰქონია არანაირი პრეტენზია. იგივე პრეტენზია თუ აქვს გამოძიებას კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, გასცეს პასუხი სასამართლოს ისე, რომ არ ჰქონდეს იმუნიტეტის იმედი. თან იმუნიტეტი კი არ შეუწყდა, შეუჩერდა, რათა გამოძიებას ჰქონდეს საშუალება ჩაატაროს პროცედურები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს ვერ გაიგეს, თუ გაიგეს და აქვთ სხვა გადაწყვეტილება, ვიმსჯელოთ ამაზეც“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.