გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძის გაწვევაზე იუსტიციის საბჭოს მიმართვა სამართლებრივად გამართლებული არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან ანა დოლიძის გაწვევის შესახებ საბჭოს მიმართვა სამართლებრივად გამართლებულად არ მიაჩნია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს ანა დოლიძის გაწვევის უფლებამოსილება არ აქვს, მას დანიშვნის უფლება აქვს.
„კონსტიტუციაში გაწვევის უფლებამოსილება არ იკითხება. ფაქტია, რომ ანა დოლიძეზეც მნიშვნელოვნად გაცდა იმ ფუნქციებს, რასაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ფუნქციები და შეჭრილია პოლიტიკურ ველზე. პოლიტიკური ფიგურის აქტივობას ეწევა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. საბჭომ ამ საკითხზე პრეზიდენტს უკვე მიმართა.