გია ვოლსკი - მელიას მხარდაჭერა არ ექნება ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, შეიძლება ადეიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და წინ წამოსწიეს ხაბეიშვილის ინტელექტუალური რესურსი
ნიკა მელიას მხარდაჭერა არ ექნება ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ მერაბიშვილი და კეზერაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, შეიძლება ადეიშვილის გარშემო გაერთიანდნენ და წინ წამოსწიეს ხაბეიშვილის ინტელექტუალური რესურსი.
„ისმის შეკითხვა: კეზერაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და ლევან ხაბეიშვილის გაერთიანება უფრო წარმატებული იქნება „ნაცმოძრაობის“ ასპარეზზე თუ მელიას ჯგუფი და შეიძლება ესენი გაერთიანდნენ. გამორიცხულია, აქ არის მთავარი თემა, დაფინანსება კეზერაშვილისგან, რაიმე პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მხარდაჭერა მელიას არ ექნება იმ ჯგუფისგან, რომელსაც განაგებენ ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი. შეიძლება ზურაბ ადეიშვილის გარშემო არიან გაერთიანებული, ვისაც წინ წამოწეული ჰყავთ ლევან ხაბეიშვილის ეს ინტელექტუალური რესურსი. ამათ ერთმანეთთან არაფერი არ ესაქმებათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არანაირი სხვა რესურსი არ გააჩნიათ, თუ არა ერთმანეთთან შეჯიბრი იმაში, ვინ უფრო დიდ კუნთებს და ვინ უფრო დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს ამ ქვეყნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველობას, ვოლსკის თქმით, ისე არიან გამოსული ასპარეზზე, რომ ამას არაფორმალურ მმართველობა აღარ ჰქვია.
„მერაბიშვილიც გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ომში უნდა ჩავერთოთ, მისი ბოლო განცხადება იყო და ამის მერე მოაშთეს სცენიდან. ვინაიდან არ დაედასტურებინა ის რეალობა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მერაბიშვილი რომ ჩართულია მმართველობაში და კეზერაშვილი რომ აფინანსებს, ამას უკვე აღარ ჰქვია არაფორმალური მმართველობა, ამას ჰქვია მმართველობა. მმართველობაში არიან ეს ადამიანები ჩართული და ხაბეიშვილი წინ ჰყავთ წამოწეული. არ ვიცი, რა ნიშნით შეარჩიეს, ალბათ ინტელექტი მოუწონეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ლიდერები არიან. რაც შეეხება ადეიშვილის გვარის გამოჩენას ამ ასპარეზზე, ესეც არ უნდა იყოს მოულოდნელი, იგი არის იმ პოზიციაზე და ის ხედვები აქვს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და გარკვეული რესურსიც გააჩნია, რათა ამ ასპარეზზე იმოღვაწეოს, მათ შორის უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პლატფორმიდან აკეთებინოს გარკვეული განცხადებები, მაგალითად, არახამიას. წრე შეიკრა, ყველაფერი აშკარაა და ეს პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. ნებისმიერი კვლევა დაადასტურებს, რომ ამ ადამიანების მხარდაჭერა საზოგადოებაში შემცირებულია. ფაქტია, რომ ვინც საქართველოს დესტაბილიზაციით ემუქრება, მელიას ფრთა იქნება თუ ხაბეიშვილის, ყოველთვის დამარცხებული იქნება არჩევნების დროს. რევოლუციას სწორედ ამიტომ ლამობენ. ეს არის ფორმულა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.