გია ვოლსკი - მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად დაასახელებდნენ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი კოალიცია არის წინასაარჩევნო ფანდი და მას მოსახლეობა არ მიიღებს.
ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რომ საზოგადოებამ დაინახა, თუ რას ნიშნავს ოპოზიციის ერთობა.
„ საზოგადოებამ ოპოზიციის ქმედებები დაინახა, თუ რას ნიშნავს მათი ერთობა – წარსულში ერთმანეთის გინებას და აწმყოში ხმაშეწყობილად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებების კეთებას. კოალიციის შექმნა ჩამოყალიბებული პროექტის გარეშე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა დაფუძნებული და არა პოპულისტურ განცხადებებზე, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის არის ის, რაც ადრე იყო, ამ კოალიციით არაფერი იცვლება. მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ეს სახეები, რაც არ უნდა გადაალაგო, მაინც ერთ გუნდს ქმნიან, რომელმაც ქვეყანას ცუდი სამსახური გაუწია, დესტაბილიზაციის წინაპირობები შექმნა, სააკაშვილს ელოდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ეს იგივე ხალხია, მცირე ცვლილებით და რაღაც შემოძახილებით, რაც საზოგადოებისთვის ახალი არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.