გია ვოლსკი - “მაუწყებლობის შესახებ” პროექტი სრულფასოვანია და ძალიან ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტი სრულფასოვანია და პროექტში ძალიან ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის და სხვა გუნდის წარმომადგენლების.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ნორმალურია, რომ ცალკეულ დეპუტატებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, თუმცა კონსულტაციების შედეგად, პოზიციები საერთო დასკვნამდე მივა.
“მთავარი თემა, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად ყურადღებას ამახვილებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებას ეხება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დაფინანსება მიბმული მთლიანად სახელმწიფოზე უნდა იყოს, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები კი გვიდასტურებენ იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის მაჩვენებელთან მიმართებაში უნდა ჰქონდეს და მთავრობაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს”, – აღნიშნავს ვოლსკი.
კანონმდებლის თქმით, ცვლილებებთან მიმართებაში ოპონენტებს პრეტენზიები საკადრო თემებზე აქვთ, მაგრამ თუკი მმართველი გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს საქმიანობის ცალკეულ ელემენტებს ეხება, რომელზეც ნორმალური და საქმიანი კამათი შეიძლება იყოს.
“როგორ შეიძლება, კითხვები არ მქონდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ კანონპროექტი არის სრულფასოვანი და ძალიან ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული ჩვენი, თუ სხვისი გუნდის წარმომადგენლების. აქედან გამომდინარე, ისტორიულად საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც გვახსოვს, ესაა გამართულ შენობაში, გამართული ტექნიკის მქონე საინფორმაციო უწყება, მაგრამ ათეული წლები გავიდა და იგივე შენობა გაურემონტებელია, ძალიან ცუდი აღჭურვილობაა და შეუძლებლობაა იმის, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო პროდუქტი შექმნას. ცვლილებებს მხარი ყოველმხრივ უნდა დავუჭიროთ და საერთო ინტერესი უნდა იყოს, რომ საინფორმაციო ორგანიზაცია შეიქმნას, რომელიც იქნება ნეიტრალური, პოლიტიკისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებას სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.
ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.
საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.