გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე - არ მოველოდი ასეთ ბიბლიურ, მისტიურ-ლირიულ წარმოდგენას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის შედეგად მდარე შთაბეჭდილება დარჩა.
„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება კითხვას ხაზარაძესთან შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ საზოგადოებამ გარკვეულწილად პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს გაუსწრო.
„ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველამ უნდა გადავხედოთ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. ისე იქნება, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა და აღნიშნა, რომ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამასთან, მისივე თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში, როგორიცაა მედიცინა, განათლება და ასე შემდეგ.