გია ვოლსკი - მამუკა გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ოპოზიციის მხრიდან არცერთი წარმომადგენელი არ არის ამ საკითხებში სუფთა
არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კითხვას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და ამბობდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი“.
გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციის მხრიდან არცერთი წარმომადგენელი არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე.
„ისინიც კი ხელს უშლიდნენ, ვინც ჩადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში ფორმულით, თითქოსდა მთავრობას არ უნდა მიეცეს, საზოგადოება აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე მთავრობა. მნიშვნელოვანწილად მათი წვლილიც არის იმ დესტრუქციაში, რომელიც არსებობდა ოპოზიციურ ფლანგზე. არცერთი სტრუქტურა, მათ შორის არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, თითქოსდა ახლა რამე სიახლე თქვა. ოპოზიციის მხრიდან არცერთი წარმომადგენელი არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე. საზოგადოება და მთავრობა არის ერთი და იგივე მაშინ, როდესაც ვიცით, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის მთავრობა, რომელმაც 2012 წლიდან მიაღწია შედეგებს, რომლებიც ადრე არ გვქონია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.