გია ვოლსკი - არ ვთვლი, რომ ლევან კობერიძის წასვლით უმრავლესობა დაზარალებულია
გია ვოლსკი - არ ვთვლი, რომ ლევან კობერიძის წასვლით უმრავლესობა დაზარალებულია

უმრავლესობის შემადგენლობაში ყოფნა პრინციპულ თემებთან დაკავშვირებით აზრთა სხვადასხვაობას არ ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ლევან კობერიძის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ის ელოდა, რომ ლევან კობერიძე უმრავლესობას დატოვებდა.

„არის საკითხები, რომლებზეც მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ამაში არაფერი მოულოდნელი და უცხო არ არის. მას გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვს. უმრავლესობის შემადგენლობაში ყოფნა პრინციპულ თემებთან დაკავშვირებით აზრთა სხვადასხვაობას არ ითვალისწინებს. უმრავლესობიდან გასვლა არანაირი პოლიტიკური დანაშაული არ არის“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე აზრით, საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასვლის გადაწყვეტილება არის გარკვეული პოლიტიკური ხრიკი და ფანდი.

„არ მინდა, დამამცირებლად გამომივიდეს, მაგრამ პოლიტიკური პოზიციაა. უმრავლესობის რიგების კიდევ ვინმესგან დატოვება, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის. მე არ ვთვლი, რომ უმრავლესობა ამ შემთხვევაში რაიმენაირად დაზარალებულია. „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი“ წყალგამყოფი იყო თუ არა, რასაკვირველია, იყო, რადგან ამ ეტაპზე არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პიროვნებათა შეფასების ისეთ რეჟიმში, როდესაც პოლიტიკური სკანდალის გარდა, შედეგი არაფერი დგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობა ლევან კობერიძემ დღეს დატოვა. დეპუტატის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება. კობერიძე ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

ლევან კობერიძემ დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. პროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო.