გია ვოლსკი - „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ იდეოლოგია არის დესტრუქცია
სამი ადამიანი გაერთიანებას გეგმავს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებაზე კითხვის საპასუხოდ განცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არ შედიოდა, რადგან„ქართული ოცნების“ დეპუტატები, უცნობი მოჭიდავეები იყვნენ დარაზმულები, რომ დარბაზში შევიდოდა თუ არა მას ფიზიკურად გასწორებოდნენ.
„ადამიანი ამას რომ იტყვის, აქედან ორი აზრის გამოტანა შეიძლება – ან არაადეკვატურია, რადგან ჩვენთან ერთი მოჭიდავეა და არათუ უცნობია, არამედ მთელი მსოფლიო იცნობს, ოლიმპიური ჩემპიონია, სერიოზული კაცია და მაღალი დონის პროფესიონალია. ე.ი. გიორგი ვაშაძე გონებრივად არაადეკვატურია. მეორე ვარიანტია ის, რომ ვინც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას არ იცნობს, შთაბეჭდილებას უქმნის, რომ აქ ჩვეულებრივი ამბავია ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს შარლატანობაა, რაც არ მგონია, რომ წარმატებული იყოს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტისთვის. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც არც ერთი სტრატეგიული გეგმა ან მოსაზრება არ წარუდგენია.
ზურაბ ჯაფარიძემ ორგანიზება გაუკეთა უგვანო საქციელს, თითქოსდა, ოკუპანტის დასამცირებლად, სინამდვილეში წარმოაჩინა საკუთარი თავი, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რომელიც მას აქვს. რას მოუწოდებს ახალგაზრდებს, გარყვნილებისკენ და აქედან ფულის შოვნის შესაძლებლობისკენ.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, დღემდე რუსეთის წინააღმდეგ რაღაც განცხადებებით გამოდის და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს. თუ ეს სამი ადამიანი რაიმე სიკეთეს ჩამოაყალიბებს კონკრეტული პროგრამის სახით, რასაკვირველია, საზოგადოებამ უნდა მოიწონოს და ისეთი დაბალი რეიტინგი არ უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს აქვს. მათი პოლიტიკური იმიჯი თუ პოზიტიურისკენ შეიცვლება, რასაკვირველია, მისასალმებელი იქნება. ვერ ვხედავ, რომ მათი იდეოლოგია განსხვავებულია, მათი იდეოლოგია არის – დესტრუქცია და იმ სტრატეგიულ ამოცანას მიჰყვებიან, რომელიც თავის დიდმა ბელადმა თავის დროზე ასახა და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, შეინარჩუნოს. ამის ერთ-ერთი მონაწილე სტრუქტურა, სამი ადამიანი გაერთიანებას გეგმავს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, – განცხადა ვოლსკიმ.