გია ვოლსკი - „ლელო“ არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს
„ლელო“ არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ „ლელო“ რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული.
„ლელო“ იმ პოლიტიკური პარტიის ნაწილია, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. არსებობს პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოში არის ნებისმიერი პირობა, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული. არავითარი საფუძველი, რომ „ლელო“ რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, დესტაბილიზაცია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. სჯობს, „ლელომ“ დააზუსტოს, ამაზე როგორია მათი პოზიცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.
„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ამ ვითარებაში, რაც უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.