გია ვოლსკი - კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით სურს პოლიტიკური ამოცანების განხორციელება, უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა
გია ვოლსკი - კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით სურს პოლიტიკური ამოცანების განხორციელება, უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა

კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სურს, საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელოს, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე, რომ შოვში განვითარებულ პროცესებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კერძოდ, ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ არსებობს ორი მთავარი კითხვა: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან რეაგირება.

გია ვოლსკის თქმით, უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა.

„მიმდინარეობს გამოძიება. კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტის კედლებში გადმოტანა სურს. უნდათ, საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, ეს საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. დიდი უბედურება მოხდა და ამ უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არის უზნეობა. ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.