გია ვოლსკი - ხელისუფლების ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა, მათ რეალურად, არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა, რომელსაც რეალურად, არც რიგგარეშე არჩევნები და არც არანაირი არჩევნები არ აინტერესებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა ნიავდებოდეს.
„ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და ამას არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს პარტიებს შორის ურთიერთობასთან. ეს არის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, ასევე ბიუჯეტში გადამხდელთა მიმართ და დამოკიდებულება იმ შეკვეთის მიმართ, რაც საზოგადოებას გააჩნია პოლიტიკური პარტიების მიმართ. იმუშაონ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები და კანონები მიიღონ, სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოაყალიბონ და პასუხი მოსთხოვონ გაწეული სამუშაოებისთვის. ჩვენი ოპონენტების დიდი ჯგუფისთვის პროცესების ჩიხში შეყვანა მთავარი ამოცანაა, რომელსაც რეალურად, არც რიგგარეშე არჩევნები და არც არანაირი არჩევნები არ აინტერესებს. რასაც საუბრობენ, ყველაფერი მოგონილია იმისთვის, რომ სწორედ ჩიხში შეიყვანონ სიტუაცია და მათი მავნებლობის ხარისხი სწორედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. ქვეყნის მიმართ სტრესი და დესტაბილიზაცია ის პოლიტიკური ამოცანაა, რომელსაც მისდევენ ეს პოლიტიკური პარტიები და თან უნდათ, ამაში სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ“, – აცხადებს ვოლსკი.
დეპუტატის თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აზრი ყოველთვის აქვს, მით უმეტეს, თუ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ღებულობს.
„მათ შორის, ქართულ საზოგადოებასთან ერთად პარტნიორები ინფორმაციას იღებენ, თუ რა აქვს საბოტაჟს საფუძველი. უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და თუ გამოვლინდება დარღვევის, არჩევნების გაყალბების რაიმე ნიშნები, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. სხვა შემთხვევაში, კაპრიზის შესრულება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილმა თქვა-არჩევნები გაყალბდა, მას მხარი დაუჭირეს რომელიღაც პარტიის ლიდერებმა და ახლა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ რიგგარეშე არჩევნების თაობაზე, რაც აბსურდია როგორც სამართლებრივად, ასევე იდეურადაც და ლოგიკურადაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.