გია ვოლსკი - ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, პარლამენტს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი აქვს
გია ვოლსკი - ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, პარლამენტს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი აქვს

ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, პარლამენტს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი საფუძველი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, რომლითაც მიმართავს ოპოზიციას, სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ.

„გარე დამკვირვებლის პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, პარლამენტს ლეგიტიმაცია მიენიჭება იმის მიხედვით, რას იტყვის ოპოზიცია. ანუ ნებისმიერი მხარე, რომელიც დარჩება უმცირესობაში, არ შედის პარლამენტში და აქედან გამომდინარე ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ეს, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, იმის მიხედვით, ვინ არის უკმაყოფილო. ხალხის არჩევანი სხვა არის, ხალხს არ უნდა პროცესების ასეთი განვითარება. რასაკვირველია, ჩვენ ხალხის ნებას უნდა მივყვეთ. უახლოეს პერიოდში პარლამენტი კანონიერადაც და მორალურადაც აბსოლუტურად გამართულად დაიწყებს მოქმედებას.

გვარამიას ლოგიკას რომ გაჰყვე, უკმაყოფილო ოპოზიციას ან უმცირესობას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, ჩაშალოს პარლამენტის საქმიანობა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიაში, ნებისმიერ სახელმწიფოში, მათ შორის, საქართველოში. ეს უსასრულობაა, რაც დღეს უნდათ, რაღაც ლოგიკურ დასკვნად შემოგვასაღონ. კანონი ამას არ ითვალისწინებს, პარლამენტი უფლებამოსილია, შეიკრიბოს და პარლამენტის უფლებამოსილება ცნოს, რათა გააგრძელოს საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე როგორ პოზიციასაც არ უნდა აჟღერებდეს, პარლამენტს შეკრებისა და საქმიანობის გაგრძელების სრული სამართლებრივი შესაძლებლობა, საფუძველი აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.