გია ვოლსკი - კეზერაშვილის სახელის გარშემო დიდი ხანია, ტრიალებს „ქოლცენტრების“ თემა, თუ ეს გამოძიებაში გადავა, საკმაოდ სერიოზული საფუძველი ექნება, რომ იგივე სქემა დაადასტუროს
„ბიბისის“ მიერ სერიოზული საგამოძიებო ღონისძიებებია ჩატარებული და თუ ეს გამოძიებაში გადავა, საკმაოდ სერიოზული საფუძველი ექნება, რომ იგივე სქემა დაადასტუროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „კეზერაშვილის სახელის გარშემო დიდი ხანია, ტრიალებს „ქოლცენტრების“ თემა, თუმცა ეს სქემა ასე ზუსტად და მკაფიოდ წარმოდგენილი არ ყოფილა“.
„მაინც ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან მან თქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება და რასაკვირველია, გამოძიება უნდა ჩატარდეს. უკვე გამოძიებულია, რომ კეზერაშვილმა ქართულ ჯარს სოლიდური თანხა მოპარა. ამ ადამიანისთვის არაფერი უცხო არ არის, რადგან მას არანაირი რესურსი არ გააჩნდა და სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, ვინც საქართველოში მართავს პოლიტიკურ პროცესებს, ასევე მედიის ნაწილს; ნიშნავს ადამიანებს, ასპარეზზე გამოჰყავს გარკვეული ადამიანები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებებს, ეს ისტერიკაზე მიუთითებს. მათ უნიათო შეფასებები გააკეთეს, რომ თითქოს ბაობაბების ჩამოტანისა და რიკოთის სტიქიური პრობლემების გამო ხდება „ბიბისის“ საგამოძიებო მასალების გამოქვეყნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ინტელექტუალურ დონეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სივრცეში შეიქმნა. კეზერაშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური მიმართვა იყო, რაც ჯარის თემას ეხებოდა. ამას რა პოლიტიკური სარჩულიც არ უნდა დაუდონ, რასაკვირველია, ამ ფაქტებს საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია გამოძიებით დადგენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.