გია ვოლსკი - კელი დეგნანის განცხადებაში რაიმე მტრული დამოკიდებულების ამოკითხვა უსაფუძვლოა 
გია ვოლსკი - კელი დეგნანის განცხადებაში რაიმე მტრული დამოკიდებულების ამოკითხვა უსაფუძვლოა 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო გარემოზე ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატი ისაუბრებდა, საქართველოს წარმომადგენლებმა ყველა დონეზე განაცხადეს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ სტანდარტის არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრს, ეკადრება.

„ელჩის განცხადებაც სწორედ ამ დამოკიდებილებას შეესაბამება. ამაში რაიმე მტრული დამოკიდებულების ამოკითხვა უსაფუძვლოა და ოპონენტების განცხადებები დაბოღმილი კაცის ლაპარაკს უფრო ჰგავს. ელჩის განცხადება ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე მუშაობას ჩვენთან ერთად აპირებს. ოპოზიცია რაც უფრო აქტიურად იქნება ჩართული საქმიანობაში, უფრო უკეთესია, ვიდრე ამ სისულელეებზე საუბარი. მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით შეკითხვა არ არსებობს. ეს არის თემები, რომელიც აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორს უნდა აინტერესებდეს, ეს არის მნიშვნელოვანი მუხლები სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელიც ჩვენ და აშშ-ს გაგვაჩნია. რეიტინგი არ დარჩენილა, სადაც წინ არ ვართ წასული, ეს იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, მედია, თუ სასამართლოს თავისუფლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის განცხადებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც დეგნანმა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი არჩევნების შესახებ ისაუბრა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

„დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.