გია ვოლსკი - კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხი, როგორც პრობლემა, დღის წესრიგიდან მოხსნილია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთავრობის თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდება, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკის არ დაუკონკრეტებია, პრემიერ-მინისტრი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საპატრიარქოსა და საზოგადოების მოსაზრებები გასათვალისწინებელია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული ისე არ უნდა იყოს, რომ ფართო მსჯელობას არ ექვემდებარებოდეს. კითხვები არავის უნდა დარჩეს იმის თაობაზე, კანონპროექტის შემოტანის რა მოტივი იყო. კანონპროექტის დეტალების განხილვა უნდა მოხდეს და აქცენტი გაწვევაზე არ უნდა იყოს. ეს საკითხი, როგორც პრობლემა, დღის წესრიგიდან მოხსნილია, მაგრამ ამ საკითხს საზოგადოებასთან და სამღვდელოებასთან დამატებითი კომუნიკაცია სჭირდება. პოლიტიკური მოკვლევაა საჭირო, ამის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე ჩამოვა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.