გია ვოლსკი - ისტორიას არ ახსოვს ისეთი კანონდარღვევა, რომელიც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა, საქართველო-პოლონეთის ურთიერთობას მისმა თაღლითურმა მოქმედებამ ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს
ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რომელიც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა, ორმხრივ ურთიერთობას მისმა თაღლითურმა მოქმედებამ ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თაობაზე აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, კადრების გამოქვეყნება თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯია, რათა ოფიციალურად აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშს არანაირი საფრთხე აღარ დაემუქროს.
„დიპლომატიურ ურთიერთობებში ისტორიას ახსოვს, როცა გარკვეული სკანდალური საკითხი მთლად ბოლომდე არაა გარეთ გამოტანილი, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რომელიც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა. ამ განცხადების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს იმ თაღლითურმა მოქმედებამ, რომელიც ამ ექიმმა ჩაიდინა. ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, პოლონურ მხარეს ალბათ ესმის და ხედავს, რა პროცესები ვითარდება. ანუ, რა საფრთხის ქვეშ დგას საქართველო ასეთი მასობრივი შეტევის შედეგად, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა წამოიწყო, რომ სააკაშვილის გამო ქვეყანას სანქციები დაუწესდეს. როცა საქართველოს გარშემო ასეთი ბინძური მეთოდებით ამგვარი სკანდალური სიტუაციის შექმნა სურთ, რასაკვირველია, სახელმწიფო თავს იცავს. მედიას ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვერავინ აუკრძალავს. ეს არის თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, რათა ოფიციალურად აღებულ ნიმუშს არანაირი საფრთხე აღარ დაემუქროს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. განცხადების თანახმად, „პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.