გია ვოლსკი ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას სამარცხვინოს უწოდებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირმა ნადირაშვილისა და ელენე ხოშტარიას მიერ პლენარული სხდომის დარბაზში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს გია ვოლსკიმ განუცხადა, პარლამენტს უინტელექტო პერფორმანსი არ ამშვენებს.
„ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ეს ადამიანები იმ პოლიტიკური გუნდიდან არიან, ვინც საქართველოში რუსული ტანკები დაუშვა და იგნორირება მოახდინა პარტნიორების სამოქმედო გეგმის, მათი საგზაო რუკის. ისევ ეს ადამიანები ირგებენ ხან ნიღაბს, ხან რუპორებს. ეს სამარცხვინოა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.