გია ვოლსკი - ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს
საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მომზადებული წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულია.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი წინდახედულობაა გამოჩენილი ყველანაირ სიტუაციაში, მაგრამ როცა მსოფლიო ასეთი გლობალური დაპირისპირების წინაშე დგას, რასაკვირველია, ყველა სიტყვა უნდა აიწონოს. საქართველო ისეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რომელიც უფრო დააზიანებს ქვეყანას, ვიდრე რუსეთის მიმართ რაღაც რევერანსების კეთებას დაიწყებს. ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს. ეს წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულიც არის, რადგან რუსეთის ფედერაციას, ასეა თუ ისეა, საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად. ამ წერილიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, მაგალითად, სამხედრო პარადზე ჩასვლა ან ისეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს არავინ იცოდეს და ხელისუფლებაში ვერ ერკვეოდნენ, საფრთხე საიდან მომდინარეობს. პოლიტიკოსებს დაფიქრება მართებთ, სანამ ასეთი წერილებით შეიწუხებენ თავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, „გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ“.