გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძეს ორგანიზატორის შესანიშნავი მონაცემები აქვს, დადებითი ადამიანია და სიხისტე არ ახასიათებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ კობახიძეს ორგანიზატორის შესანიშნავი მონაცემები აქვს.
ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს არავითარი სიხისტე არ ახასიათებს.
„საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე არ ახასიათებს, თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს, რაც ყველას გვახასიათებს. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენთაგანს. ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა.
წერეთელის შეფასებით, შტაბის ხელმძღვანელად კობახიძის დანიშვნა მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილზე, ნეგატიურ გზავნილებსა და სერიოზულ დაპირისპირებაზე.