გია ვოლსკი - ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ზუსტი შეფასებები მოვისმინეთ
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის ფორუმი, სადაც ფასდება ყველა ქვეყნის დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ზუსტი შეფასებები მოვისმინეთ, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეა, ეს არის ფორუმი, სადაც ფასდება ყველა ქვეყნის დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ზუსტი შეფასებები მოვისმინეთ, რომელიც ეხება მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. მთელი მსოფლიოსთვის საგანგებო საკითხია რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მიმდინარე საომარი მოქმედებები. საფრთხე შეექმნა მსოფლიოს და ნაწილობრივ, ოკუპირებული საქართველოსთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა. გარდა ამისა, იყო გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ის ჩვენი პირობა, რასაც ჰქვია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, მუდმივად დღის წესრიგში გვექნება. საკვანძო იყო ასევე საქართველოს პოზიციონირება მთელ მსოფლიოსთან ერთად, მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ალტერნატიული ენერგოდერეფანი, დამაკავშირებელი აზიის ევროპასთან, საგანგებო მნიშვნელობისაა. ახლა ყველამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გაითვალისწინოს, რომ სტაბილური საქართველოა საჭირო ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.