გია ვოლსკი - იქნებ, ჩემს ამომრჩეველს არ სურს, დებატებში დავჯდე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც მევახშეობის რესურსზეა ზედნაშენი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარტია „ლელოს“ ინიციატივას სახელისუფლო კანდიდატების პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის სავალდებულოობაზე აბსურდულს უწოდებს.
მისი თქმით, კახა კოჟორიძემ, როგორც იურისტმა, უნდა იცოდეს, რომ იძულების შემცველი კანონპროექტი პარლამენტში არ უნდა შეიტანოს.
„მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, განხილული იქნება თუ არა „ლელოს“ აბსურდული ინიციატივა. პოლიტიკურ ველზე რაღაც ვითომდა პროგრესული იდეის შემოტანას ცდილობენ, რომ თუ კანდიდატი დებატებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ის რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას. არავინ არ კითხულობს იმას, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ ამომრჩეველს. იქნებ, ჩემს ამომრჩეველს არ სურს, რომ ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ პარტიასთან დებატებში დავჯდე, მით უმეტეს, რომელიც მევახშეობის რესურსზე არის ზედნაშენი, ან სხვა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ან სხვა თაღლით პოლიტიკოსთან, რომელიც გუშინ სხვას ამბობდა და დღეს განახვავებულს ამბობს. პოლიტიკურ ველზე ჩემს საქციელს ამომრჩეველი განსაზღვრავს.
კახა კოჟორიძის განცხადება არის პოპულისტური. მით უმეტეს, ადამიანი თავს იურისტად რომ მოიხსენიებს, უნდა იცოდეს, რომ იძულებისა და ხელის ამოტრიალების შემცველი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანოს, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა რაიმე პერსპექტივა არ გააჩნია და ცდილობს, ჰაერიდან მოტანილი თემები შემოგვთავაზოს განსახილველად. პროცედურა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანონპროექტის განხილვა მოხდეს. რომელ პოლიტიკურ ნებაზეა საუბარი, როცა პროექტი პროვოკაციულია და რეალობას სცილდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ლელო“ ინიციატივით გამოდის, რომ საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ დებატებში სახელისუფლო პარტიის კანდიდატების მონაწილეობა სავალდებულო იყოს.