გია ვოლსკი - იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საქართველო ისე იმოქმედებს, როგორც ეს ეროვნულ ინტერესებში იქნება
გია ვოლსკი - იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საქართველო ისე იმოქმედებს, როგორც ეს ეროვნულ ინტერესებში იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საქართველო ისე იმოქმედებს, როგორც ეს ეროვნულ ინტერესებში იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა.

“ამერიკა საქართველოს მოკავშირე ქვეყანაა, რომელსაც თავისი სტრატეგიული გეგმები, მიზნები აქვს და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში სხვადასხვა პოზიციებია. საქართველო ისე იმოქმედებს, როგორც ეს მის ეროვნულ ინტერესებში იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დღეს დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.